მოგესალმებით!
ამ სტატიაში მინდა გესაუბროთ შემოქმედებითი კონკურსის "მე მიყვარს წერა" შესახებ, რომელიც სკოლა ევრო-2000-ში წერის მოყვარულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა. მოცემულ დღეს მსოფლიოს უამრავი საგანმანათლებლო დაწესებულება და კომერციული ცენტრებიც კი აღნიშნავს. მასში მონაწილეობა მიიღო როგორც დაწყებითი და საბაზო, ასევე საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა. მათ ევალებოდათ წარმოედგინათ საკუთარი ნაწარმოებები(ლექსი, მოთხრობა, წერილი, ესე, ნოველა და ჩანახატი) წერილობითი სახით, რომელთა შორის შეირჩა 3 საუკეთესო. გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები დასკვნით ღონისძიებაზე, ბიბლიოთეკაში. რამდენიმე მათგანმა წაიკითხა კიდევაც თავისი კომპოზიცია, რის შემდეგაც მცირე დისკუსია გაიმართა.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ის უნარები, რომელთა გაკვეთილზე გამოვლენის შესაძლებლობა არ ეძლევათ, უკეთ წარმოაჩინონ და განავითარონ. წერა მარტივი საქმე როდია?! ეს არის კათარზისი, რომლის დროსაც ავტორი შემოქმედებით წვას განიცდის და მისი ფიქრები ცარიელ ფურცელზე იღვრება. ეს პროცესი ფრიად ექსპრესიულია, რაც კი იმას ნიშნავს, რომ მკითხველს მწერლის ნამოღვაწარის გაცნობის შემდეგ ყოველთვის განსაკუთრებული შეგრძნება ეუფლება.
როგორც მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტი, ყოველთვის ვცდილობ ახალგაზრდებს ხელი შევუწყო მათი ცოდნა და ნიჭი კლასგარეთაც გამოიყენონ; შევქმნა ისეთი გარემო, სადაც ინდივიდი შეძლებს თვითრეალიზაციას. განათლება, ცალსახად, არ შემოიფარგლება საკლასო ოთახში წაკითხული თუ მოსმენილი ფაქტებით. ცოდნა განათლების ყველაზე დაბალი საფეხურია. ეს ინფორმაცია უნდა მოხმარდეს პრაქტიკას და გარკვეულ უნარ-ჩვევათა განვითარებას. ვფიქრობ, კონკურსი თუნდაც მცირედ მაინც აამაღლებს ბავშვების მოტივაციას და მისცემს ბიძგს მათი მიზნებისა და ოცნებების ასახდენად.
ეს ღონისძიება, უკვე ჩატარებულ სხვა აქტივობათა მსგავსად, თვითმმართველობის, დირექციის, მომსახურე პერსონალისა და თავისუფალი კლუბის ერთიანი ძალისხმევით ჩატარდა. უამრავმა ადამიანმა შეიტანა მასში წვლილი, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ. ეს ყოველ ჩვენგანს კიდევ უფრო გვახალისებს, რათა უფრო მეტი ვიშრომოთ სასკოლო ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
Comments