top of page
Search
Writer's pictureTika Gobadze

ლიტერატურული ოდისეა ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან ერთად

ევროს ბლოგის მკითხველებო, მოგესალმებით. მცირე პაუზის შემდეგ კვლავ გიბრუნდებით და ვაგრძელებთ ევროელი მოსწავლეების საინტერესო და შემოქმედებითი ბლოგების გაზიარებას. გიბრუნდებით ახალი, ძალიან კარგი ამბით.... ჩვენთან, სკოლაში, ხშირად მოგვიწვევია სხვადასხვა ავტორი, პოეტი, მწერალი, რომლებისგანაც უამრავი საინტერესო და აქამდე უცნობი ამბავი მოგვისმენია. ტრადიცია გრძელდება, 30 იანვარს, ჩვენს სკოლას პოეტი, დრამატურგი, გადაცემა „წიგნების თაროს“ სცენარისტი და წამყვანი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე ეწვია. იმის გათვალისწინებით, რომ მისი შემოქმედება კარგად ნაცნობია და რაც მთავარია, ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშველოვანი ნაწილის - „წიგნების თაროს“ ოჯახის წევრია, ძალიან გაგვიხარდა მისი სკოლაში სტუმრობა. სასიამოვნო გარემოს, წიგნების გარემოცვაში პუფებზე ჯდომას და საინტერესო ადამიანის მოსმენას არაფერი ჯობია, ალბათ დამეთანხმებით. ძალიან საინტერესო იყო შეხვედრის თემა,  ფაქტობრივად ალექსანდრემ გასცა ორ დიდ კითხვას პასუხი-„რატომ წერენ წიგნებს და რატომ კითხულობს ხალხი მათ“ .

მან თხრობა დაიწყო უძველესი დროიდან, გვიამბო როგორ დაიწყეს იმ დროინდელმა ადამიანებმა მოვლენების აღწერა, შთამომავლობაზე გადაცემა და ლიტერატურის ეტაპობრივი განვითარება, განიხილა ლიტერატურული ხიდები ჰომეროსის დროიდან პოსტ-მოდერნიზმის ჩამოყალიბებამდე, აღნიშნა ქართული ჰაგიოგრაფიის მნიშვნელობა და მისი უნიკალურობა, თუნდაც იმით, რომ მხოლოდ ტბელ აბუსერიძის ნაწარმოებშია ჰაგიოგრაფია და იუმორი ჰარმონიულად თავმოყრილი, ჩვენთვის საინტერესო იყო იმის მოსმენაც, თუ რაზე იყო დაყრდნობილი ძველი ლიტერატურა, რამდენად დიდი წვლილი მიუძღოდა რელიგიას და რა მოიტანა ინოვაციების შემოტანამ ლიტერატურაში.

შეხვედრას მეთერთმეტე, მეათე და მეცხრე კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ , ასევე „წიგნების თაროს“ საშუალებით შეძენილი ახალი მეგობრებიც. გვჯერა, რომ ეს შეხვედრა ყველა მათგანისთვის საინტერესო და მრავლის მომცველი იქნებოდა. ვფიქრობთ, ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი დაუვიწყარი დღე იყო. შეხვედრის ბოლოს, ქვეცნობიერში დასმულ შეკითხვებსაც გაეცა პასუხი. გავიგეთ ის , რაზეც არასდროს გვიფიქრია, უფრო კონკრეტულად კი ის, რომ ადამიანებს ყოველთვის ექნებათ სურვილი, რომ შეთხზან ისტორიები ან დაუტოვონ ამბები სხვებს, მომავალ თაობებს, ხოლო მეორე მხრივ მათ ყოველთვის ენდომებათ საინტერესო ამბების მოსმენა, ეს არის ლიტერატურის მამოძრავებელი ძალა, სწორედ ამიტომაა ის მარადიული.   მე-11 კლასელმა თედო მენაბდემ  ინგლისურ ენაზე თარგმნა ალექსანდრე ლორთქიფანიძის ერთ-ერთი ლექსი და მწერალს გადასცა. ალექსანდრესთვის  ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელი იყო პატარა საჩუქარი.

***

როცა გაივლის თებერვალი,

როცა თებერვალს გაიტანენ,

შენ, როგორც ტესი, დ'ერბერვილი,

მე - კაბალერო გაეტანი,

დავსხდებით ტახტზე ბებრებივით,

კივილს დაიწყებს ჩაიდანი

და ყველა ქარი, დაბერილი,

გვეტყვის რა როდის ჩავიდინეთ..

არაფერია. თებერვალიც

გაივლის, ანაც - გაიტანენ,

ეზოში ძაღლი - სენბერნარი,

თბილისში თოვლი - მაიდანზე..

მე გეტყვი: ხედავ, აპრილია,

მარტი უენოდ გამოვტოვეთ

და ისევ სუნთქვაშეპარული

და ისევ - ხედავ, რა მარტო ვართ,

შენ, როგორც ტესი, დ'ერბერვილი

ხარ უწარსულო. ჩამოთოვა.

მე ვფიქრობ, ალბათ, თებერვალი

აღარასოდეს აღარ მოვა.

მოვა და ისევ გაიტანენ,

უკანასკნელი ბებერივით.

ალექსანდრე ლორთქიფანიძე ***

When February leaves, when February gets carried away, You, like Tess of D’Urbervilles, and I-Caballero Gaetano, will sit on a sofa, as an old couple, the kettle will begin its whistling and all the winds, that will be blowing, will tell us about our deeds in days of old.. It’s alright, February will leave, or-get carried away, The dog outside-Saint Bernard, The snow in Tbilisi-On the Maedan.. I will tell you: See, It’s April, We’ve left the March without a sound and again with a soft breath and again-see, how lone we are, You, like Tess of D’Urbervilles are without a past. It snows. I reckon, perhaps, February will never come again. And if it does-it will get carried away again, like a last old man. ინგლისურად თარგმნა თედო მენაბდემ

საბოლოოდ, მადლობა ალექსანდრეს ასეთი შთამბეჭდავი და დაუვიწყარი დღისთვის, მომავალშიც უდიდესი სიხარულითა და სიამოვნებით ვუმასპინძლებთ .^^

თანაავტორი:ანა ციხელაშვილი








139 views0 comments

Recent Posts

See All

留言


bottom of page