დაახლოებით ერთი კვირის წინ, ერთი შეხედვით ერთი ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული ოთხშაბათი დღე იდგა. როგორც ყველა 11–ე კლასელი, სკოლის რუტინულ ცხოვრებაში ვიყავი ჩართული და დღეებს ვითვლიდი საახალწლო არდადეგებამდე. მახსოვს, ის კვირა ემოციებით ვიყავი გადატვირთული, რადგან სულ რაღაც რამდენიმე დღე იყო გასული, რაც ჩვენ მიერ შექმნილი ეს სკოლის ბლოგი, რომელშიც მთელი ჩვენი სული და გული ჩავაქსოვეთ, საბოლოოდ გამოვაქვეყნეთ და გავუზიარეთ მსოფლიოს. მაშინ მეგონა, რომ ამ ყველაფერის დიდი გამოხმაურება არ მოყვებოდა და ერთ კვირაში, ეს ჩვენი შვილივით გაზრდილი და ნალოლიავები საიტი ყველას მიავიწყდებოდა.
სადღაც ექვსი საათი იყო, როცა ნატა მასწავლებელმა ეს ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება, (რომელსაც არავის ვუმხელდი) სულ რაღაც რამდენიმე სიტყვით გააქრო:,, გადაცემა ,,ბიბლიოეთეკაში“ მიგვიწვიეს ბლოგთან დაკავშირებით“. ალბათ, წარმოგიდგენიათ ჩემი შოკი. ნუ თუ არა, მაშინ დაგეხმარებით დაახლოებით მიგახვედროთ:
არც დააყოვნა მასწავლებელმა და ამ ყველაფერს ისიც მოაყოლა, რომ ჩემთან და ანასთან ერთად გადაწყდა წასვლა. მოდი, ერთ რჩევას მოგცემთ: ადამიანისთვის, რომელიც ახლახან ძალიან გააოცეთ, ასე ერთბაშად კიდევ უფრო შოკისმომგვრელი ამბის მიხლა, დამერწმუნეთ, ნამდვილად არ არის რეკომენდირებული. საბოლოო ჯამში, ის შეიძლება იმდენად გაკვირვებული დატოვოთ, რომ დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში გაუნძრევლად უყურებდეს კომპიუტერის ეკრანს, ხოლო შემდეგ კი ისტერიკული სიცილიც კი დაეწყოს. (საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით).
მოკლედ, შოკიდან სასწაულებრივად გამოსვლის შემდეგ, ვეცადე გამეაზრებინა ეს ყველაფერი. გადაცემა ,,ბიბლიოთეკა“, რომელიც აჭარის ტელევიზიაზე ყოველ კვირას ხუთ საათზე გადის, ძირითადად განიხილავს ლიტერატურასა და მასთან დაკავშირებით მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებს. მათგან მოწვევა კი არამარტო საოცრად გამაკვირვებელი, არამედ წარმოუდგენელიც კი იყო.
შემდეგი დღე ძალიან დაბნეული ვიყავი, თუმცა ამავდროულად არ ვიმჩნევდი და ვცდილობდი ჩემი თავი გამემხნევებინა. არვიცი შეგიმჩნევიათ თუ არა, მაგრამ, როდესაც რაღაც ამაღელვებელ მოვლენამდე გგონია, რომ ძალიან დიდი დრო დარჩა, რაღაც მაგიური ძალებით ეს დრო სადღაც ქრება . სწორედ ასე მოხდა იმ დღეს და დღის ბოლოს არც მეტი არც ნაკლები, ანბანის კოშკთან ვიდექი დაბნეული და ვერ ვიაზრებდი, იქ როგორ აღმოვჩნდი. ალბათ, გგონიათ, რომ იმ დღეს ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა გადაცემის ჩაწერა იყო. ნაწილობრივ, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანისთვის, რომელსაც ისტერიკულად ეშინია ლიფტებისა და სიმაღლის, ანბანის კოშკი ნადმვილად შეუფერებელი ადგილი იყო.(თუ ვერ მიხვდით ის ადამიანი მე ვარ ) მოკლედ, ამ შიშის დაძლევის შემდეგ დადგა ის დრო, როდესაც ყველა კამერა ჩვენკენ იყო მომართული.
გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ ძალიან დაძაბული ვიყავი. ვინერვიულე და დავიბენი კიდეც. პირველი სატელევეზიო დებიუტი, ალბათ, ყველასთვის ამაღელვებელია. ზოგჯერ ისეთი ამაღელვებელიც კი, რომ ამ ემოციების ყველასთვის გაზიარება გინდება და წერ(ბევრს). ისევე როგორც ახლა მე.
დიახ, ვიცი, რომ ბევრი გესაუბრეთ ჩემი თაავგადასავლის შესახებ, ამიტომ თავს აღარ მოგაწყენთ. მინდა მადლობა გადავუხადო გადაცემა ,,ბიბლიოთეკის“ შესანიშნავ მომუშავე პერსონალს და განსაკუთრებით მის არაჩვეულებრივ წამყვანებს, ირაკლი ბაკურიძესა და მარი კორინთელს, რომლებმაც საკმაოდ თბილი და კომფორტული გარემო შეგვიქმნეს დაძაბულობის მოსახსნელად. საბოლოოდ, ვიტყოდი, რომ , ასე თუ ისე მოვახერხეთ მოგვეყარა ჩვენი ემოციებისთვის თავი და მთელი ჩვენი შემოქმედებითი გუნდის სახელით გაგვეცნო მაყურებლებისთვის ჩვენი ბლოგი და კლუბი. აი, ის საკითხი კი, თუ როგორ და რამდენად კარგად მოვახერხეთ ეს ყველაფერი, თქვენთვის მომინდია.
http://ajaratv.ge/show/ge/11/------------------------------------------------------------.html- გადაცემის ბმული
Comments